თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგების გასაიდუმლოება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის და კონვენციის მოთხოვნებს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი | სტატია 18 ოქტომბერი 2023

საქმის გარემოებები

 

2019 წლის ბოლოს, საჯარო სამსახურის ბიურომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები არასრულად გამოაქვეყნა და მასში არ შეიტანა რამდენიმე თანამდებობის პირის დეკლარაციის შემოწმების შედეგები, მათ შორის, შალვა თადუმაძის, რომელიც იმ პერიოდისთვის მოქმედი მთავარი პროკურორი იყო.[1] როგორც შემდეგ გაირკვა, შემოწმების შედეგებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზი შალვა თადუმაძის დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევად ცნობა და მის მიერ ამ განკარგულების სასამართლო წესით გასაჩივრება გახდა. 

 

2019 წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე აირჩიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ (ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ), მან საჯარო სამსახურის ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იმ განკარგულების ბათილად ცნობა და გასაიდუმლოება, რომლითაც ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევად იყო ცნობილი.[2] შალვა თადუმაძის პოზიციით, დეკლარაციის გამოქვეყნების შემთხვევაში, მასში ასახული შეცდომები მის რეპუტაციას მიაყენებდა ზიანს და მის მიმართ ჩამოყალიბდებოდა არასწორი საზოგადოებრივი აზრი. საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციისა და იმ განკარგულების გამოქვეყნება, რომლითაც დგინდებოდა დეკლარაციის არასწორად შევსებისა და დეკლარანტის დაჯარიმების ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა  ცნობილი საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის  22 ნოემბრის განკარგულება.  გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (შემდგომ „საია“) საჯარო სამსახურის ბიუროსგან მოითხოვა ის აქტი, სადაც მოცემული იქნებოდა შალვა თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგების საბოლოო ანგარიშში შეუტანლობის მიზეზები, თუმცა საჯარო სამსახურის ბიურომ განმარტების გარეშე თქვა უარი ინფორმაციის გაცემაზე.[3] საია სასამართლოს გზით ცდილობდა შალვა თადუმაძის დეკლარაციასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულების მიღებას, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.[4] ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრობლემური განმარტებები საქმის გარემოებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის შეფასებასთან დაკავშირებით.  

 

უზენაესი სასამართლოს ლოგიკის შესაბამისობა საქართველოს სამართლებრივ წესრიგთან

 

2022 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საიას საკასაციო საჩივარი და საბოლოოდ შეზღუდა შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგების ამსახველ დოკუმენტზე წვდომა. სასამართლომ თავისი განმარტებები დაუკავშირა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტს.  

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნების შეფასების საჭიროებაზე და განმარტავს: “... განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მცდარად მიჩნეული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტის ერთ-ერთ საფეხურს - მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნებას და შესაბამისად, იგი საჯარო ინფორმაციად მიჩნევას არ ექვემდებარება.”[5]

 

მსჯელობისას, უზენაესმა სასამართლომ, მთავარი აქცენტი გააკეთა გამოთხოვილი განკარგულების კანონსაწინააღმდეგოდ ცნობის ფაქტზე და ამ გარემოებაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ინფორმაცია იყო მცდარი, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილ კრიტერიუმთან შეუსაბამო. პალატა იშველიებს ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, თუმცა მსგავსი მსჯელობა სტრასბურგის სასამართლოს არცერთ რელევანტურ გადაწყვეტილებაში არ განუვითარებია. უზენაესი სასამართლო, ძირითადად კონცენტრირდა აქტის სამართლებრივ სტატუსზე და მისი ბათილად ცნობა მიიჩნია საკმარისად იმისათვის, რომ განკარგულება გამოერიცხა საჯარო ინფორმაციის იმ გაგებისგან, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა განამტკიცებს.[6]

 

განჩინებაში მოცემული განმარტების მთავარი პრობლემა გახლავთ ის რომ უზენაესმა სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე აუარა გვერდი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მაღალ სტანდარტს და სწორება გააკეთა გამოხატვის თავისუფლების ჭრილში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებებზე, რომელიც ამ უფლების მხოლოდ მინიმალური დაცვის გარანტიას გვთავაზობს. ამის გათვალისწინებითაც, უზენაესი სასამართლოს განმარტებები ვერ აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებსაც კი. 

 

ECHR-ის სტანდარტისა და უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისობა

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება ევროპული კონვენციის დაცვის ქვეშ ექცევა და ის აღიარებულია გამოხატვის თავისუფლების განუყოფელ ნაწილად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია ცალკე მდგომ დამოუკიდებელ უფლებად არ იცნობს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას, ის გამომდინარეობს კონვენციის მე-10 მუხლიდან და დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციასთან.

 

ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება ვიწროდ განიმარტება, მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების განხორციელების  კონტექსტში.კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თუ საჯარო ინფორმაციის მიღება არის აუცილებელი ინსტრუმენტი პირის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით განსაზღვრული აქვს ოთხი კრიტერიუმი, რომელთა შეფასება არსებითია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის დასადგენად. ესენია: 1. მოთხოვნილი ინფორმაციის მიზანი; 2. მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება; 3. განმცხადებლის როლი; 4. ინფორმაციის მზაობა და ხელმისაწვდომობა.

 

მეორე კრიტერიუმზე მსჯელობისას, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაცია საჯარო ინტერესის ტესტს უნდა აკმაყოფილებდეს.  განმცხადებელმა უნდა მოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინტერესის საგანს უკავშირდება. საჯარო ინტერესი არსებობს inter alia, იმ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას სახელმწიფოს საქმიანობაზე და, შესაბამისად, ხელს უწყობს ფართო საზოგადოების მონაწილეობას საჯარო მმართველობაში.[7]

 

მოცემულ საქმეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს, დეკლარანტის, როგორც მაღალი თანამდებობის პირის (ყოფილი პროკურორი/მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) სტატუსზე და მის მიმართ მიპყრობილ საზოგადოების მომეტებულ ინტერესზე. ამ ინტერესს  აძლიერებს ის გარემოება, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ეხება მისი მხრიდან ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. შალვა თადუმაძის ფიგურის მიმართ საზოგადოების მომეტებული ინტერესი მის მიერ დაკავებული მაღალი თანამდებობის გარდა უკავშირდება მის დანიშვნასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ კითხვებს.[8]  დეკლარანტის ფიგურა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ქმნის იმის გამოკვლევის ინტერესს, საჯარო სამსახურის ბიურო და შესაბამისად სასამართლო, ხომ არ მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. 

 

სხვაგვარად, უზენაესმა სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა მოთხოვნილი ინფორმაციის მიმართ მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და ამ უკანასკნელის არსებობა გამორიცხა  მხოლოდ ერთ გარემოებაზე დაყრდნობით და განმარტა: „...არ არსებობს საჯარო ინტერესი მესამე პირებთან დაკავშირებული უკანონოდ მოპოვებული და/ან შენახული ინფორმაციის გაცემის/გავრცელების მიმართ.“ ამის საპირისპიროდ, სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ შეფასდეს არის თუ არა ინფორმაცია საჯარო ინტერესის მატარებელი, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მთლიანი კონტექსტი.[9]

 

განჩინებაში დასახელებულია სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს ეხება,[10]  თუმცა არცერთ მათგანში არ არის მსჯელობა არაკანონიერად ცნობილი აქტის საჯარო ინფორმაციის გაგებიდან ამორიცხვაზე. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ უკანონოდ ცნობილი აქტი, თავისთავად, ამოირიცხოს საჯარო ინფორმაციის გაგებიდან. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა ევროპული სასამართლოს 4-ივე კრიტერიუმით დადგენილი წინაპირობა:

 

- მოთხოვნილი ინფორმაციის მიზანი - განმცხადებელს ინფორმაცია ესაჭიროებოდა თავისი პროფესიული საქმიანობისა და საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების უფლების განხორციელებისთვის. 

 

- მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება - დეკლარანტის, როგორც მაღალი თანამდებობის პირის (ყოფილი პროკურორი/მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) სტატუსი თავისთავად მიუთითებს მის მიმართ მიპყრობილ საზოგადოების მომეტებულ ინტერესზე.  ამასთან, საქმეში ფიგურირებს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებაზე პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულება, რომლის საქმიანობა საზოგადოების არანაკლებ ინტერესს იპყრობს.

 

- განმცხადებლის როლი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც, მათ შორის, მონიტორინგს უწევს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებს და აქტიურად მუშაობს სასამართლო სისტემის რეფორმაზე. საიას, როგორც „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ როლი დასტურდება. 

 

- ინფორმაციის მზაობა და ხელმისაწვდომობა - ინფორმაცია იყო მომზადებული და არ საჭიროებდა დამატებით რაიმე მონაცემების შეგროვებას. 

 

საქმის გარემოებების ანალიზი მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოთხივე კრიტერიუმის დაკმაყოფილების შესახებ. ინფორმაცია ევროპული სასამართლოს სტანდარტითაც ექვემდებარებოდა გაცემას, ხოლო განჩინებაში ევროპული სასამართლოს 4 წვეროვანი ტესტის მე-2 კრიტერიუმის აშკარად არასწორი ინტერპრეტაციაა მოცემული.

 

გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია საპირწონე ინტერესთა დაბალანსება/შეპირისპირებაზე მსჯელობას. თანამდებობის პირის მიერ განკარგულების გასაჩივრება ეჭვქვეშ აყენებდა დაჯარიმების მართებულობას და ამით ამცირებდა რეპუტაციული ზიანის რისკებს, თუმცა სასამართლომ ამ საქმეში ზიანის რისკები ისე მიიჩნია უპირატესი დაცვის ობიექტად, რომ ამ გარემოებაზე არ იმსჯელა.  სასამართლოს განმარტება არც თანამდებობის პირის თმენის ვალდებულებაზე გაუკეთებია. განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა აღნიშნავს: “...მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი ბუნებით განეკუთვნება იმ კატეგორიის მონაცემს, რომლის გადაცემის ან/და პროაქტიულად გამოქვეყნების შემთხვევაში, თავისი სიმცდარის გამო, თანამდებობის პირს, შესაძლოა, მიდგომოდა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი…”. სასამართლო მიუთითებს ზიანის რისკებზე, თუმცა არ ახსენებს თანამდებობის პირის თმენის ვალდებულებას, რომელიც კერძო პირისგან განსხვავებით საკმაოდ ფართოა. განჩინებაში არაფერი წერია თანამდებობის პირის რეპუტაციის დაცვისა და საჯარო ინფორმაციაზე საზოგადოების წვდომის ინტერესთა ურთიერთშეპირისპირებაზეც.

 

დასკვნა

 

თანამდებობის პირს აქვს თმენის ვალდებულება, ამასთან, მისი საქმიანობის თითოეული ასპექტის მიმართ თავისთავად არსებობს საზოგადოების მომეტებული ინტერესი. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენი აზრით, მოცემულ შემთხვევაში თანამდებობის პირის რეპუტაციის დაცვა ვერ ჩაითვლებოდა იმ მნიშვნელობის სიკეთედ, რომლისთვისაც დასაშვები იქნებოდა საჯარო ინფორმაციაზე საზოგადოების წვდომის შეზღუდვა. მიგვაჩნია, რომ, არ იკვეთება არცერთი კანონისმიერი საფუძველი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტზე წვდომის შეზღუდვას გაამართლებდა. 

 

ევროპული კონვენციით უფლების ცალკე არ აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ეს უფლება დაცული არ არის მოქმედი კანონმდებლობით. ჩვენი მოსაზრებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და კონვენციის მანიპულაციური გამოყენების სტანდარტი დაამკვიდრა.  კერძოდ, მიგვაჩნია, რომ საკასაციო სასამართლომ უგულებელყო კონსტიტუციით დაცული ეროვნული სტანდარტი, დაავიწროვა საჯარო ინფორმაციის დეფინიცია და შეზღუდა საზოგადოების წვდომა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციაზე, რის გამოც, ჩვენი აზრით, განჩინება ცხადად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეს არ ნიშნავს, რომ “საჯარო ინტერესის დონე” არ არის გასათვალისწინებელი სჯარო ინფორმაციის დავების განხილვისას - იგი გასათვალისწინებელია, თუმცა არა უფლების დაცვის ფარგლების განსაზღვრის, არამედ მისი შეზღუდვის მართლზომიერების ეტაპზე იქ, სადაც კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა. 

 

 

-------

 

[1] იხ. 2019 წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის 2019 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმი #1, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/UZVa . ასევე იხ.  2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/UZV5

[2] საიას განცხადება „საია უზენაესი სასამართლოს მიერ შალვა თადუმაძისა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის არსებულ დავაზე გაკეთებულ განმარტებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს“, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/UZUQ

[3] საიას განცხადება „საია შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგის გასაჯაროებას ითხოვს“, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/UZUV .  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საიამ იდენტური ინფორმაცია გამოითხოვა სხვა რამდენიმე თანამდებობის პირზეც, რომლებიც ანალოგიურად არ მოხვდნენ ანგარიშში და ამ შემთხვევებში ბიურომ ინფორმაცია სრულყოფილად გასცა.

[4] საერთო სასამართლოებში დავის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, 2022 წლის 23 ივნისს, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით მოითხოვა პრობლემური ნორმების შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, იხ. კონსტიტუციური სარჩელიN1712: https://bitly.ws/WfCA

[5] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის Nბს-645(კ-21) განჩინება.

[6] ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ევროპული სასამრთლოს სტანდარტზე დამატებით იხ. IDFI-ს სტატიები:  „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით“, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/WfCs;  „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები”, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/WfCa

[7] Magyar Helsinki Bizottság v. Hungary, 2016 წლის 8 ნოემბერი, პარ. 161.

[8] პარლამენტმა შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად დანიშვნას მხარი დაუჭირა, 2018 წლის 16 ივლისის სტატია, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/XaKc; კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის”, კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს, 2019 წლის 12 სექტემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/XaHs; Netgazeti, თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს – TI, 2019 წლის 8 ოქტომბრის სტატია, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/XaHz; რადიო თავისუფლება,  გენერალური პროკურორის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შევიდა, 2019 წლის 12 ოქტომბრის სტატია, ხელმისაწვდომია:https://bitly.ws/XfeP; კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის”, კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, 2019 წლის 17 ოქტომბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://bitly.ws/XaIh; TI, მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, 2019 წლის 12 დეკემბრის ბლოგი, ხელმისაწვდომია:  https://bitly.ws/XaNE

[9] Magyar Helsinki Bizottság v. Hungary, 2016 წლის 8 ნოემბერი, პარ. 162.

[10] Magyar Helsinki Bizottság v. Hungary 2016 წლის 8 ნოემბერი; Nino Mikiashvili against Georgia and studio repurtiori and Vakhtang Komakhidze against Georgia 2021 წლის 19 იანვარი. 

 

 

 

                          

 

მასალის მომზადება დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანზიციის პროგრამის ფარგლებში. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023